ჯგუფის ისტორია
The SANDA (სანდა) – მუსიკალური ჯგუფი, რომელიც ჩამოყალიბდა თბილისში 1993 წლის 6 თებერვალს. ჯგუფს დაერქვა გაერთიანებული სამეფოს, შოტლანდიის ჩრდილო-დასავლეთ არსებული პატარა კუნძულ Sanda-ს საპატივცემულოდ, რადგან ჯგუფის წევრებს განსაკუთრებული სიყვარული და მოწონება გააჩნდათ ბრიტანული ფოლკლორული მუსიკის მიმართ.
მარცხნიდან მარჯვნივ (ფეხზე დგანან): სოსო საყვარელიძე, ირაკლი ლომსაძე, თამუნა და ქეთი ბახტაძეები, დიმა ასატუროვი. (ზიან) გია გაგუა, გია ცხვედიანი (ჯგუფის წევრების მეგობარი), გიზო ფერაძე – 1993
ჯგუფის თავდაპირველი შემადგენლობა იყო ასეთი:
ირაკლი ლომსაძე კლავიშებიანი ინსტრუმენტი, რითმ-გიტარა, ვოკალი
სოსო საყვარელიძე ვოკალი, ბას-გიტარა
გიზო ფერაძე ლიდერ-გიტარა
გია გაგუა საქსაფონი
დიმიტრი ასატუროვი დასარტყამი ინსტრუმენტები, ტუჩის ჰარმონიკა, პერკუსია
ჯგუფმა სარეპეტიციო სტუდია განათავსა ირაკლი ლომსაძის სარდაფში, რომელიც შემდგომში იმ პერიოდის ქართული როკ ჯგუფების ერთერთი პოპულარული სარეპეტიციო ადგილი გახდა.
The SANDA-მ დაიწყო მოღვაწეობა Soft Rock და Blues-ის ჟანრში. თანდათან ჯგუფის ჟღერადობაში შემოვიდა Folk Rock-ის ელემენტები, რამაც გამოიწვია სხვადასხვა ცვლილება. ზოგიერთი კომპოზიცია სრულდებოდა ირაკლი ლომსაძის მიერ სპეციალურად შექმნილ ე.წ. „სანდურ“ ენაზე იმ მიზნით, რომ კომპოზიციის ტექსტი და მუსიკალური ხაზი ყოფილიყო სრულად შერწყმული ერთმანეთთან. ასე შეიქმნა ჯგუფის პირველი კომპოზიცია „სანდურ“ ენაზე „Belanderul“.
მარცხნიდან მარჯვნივ (ფეხზე დგანან): გიზო ფერაძე, დიმა ასატუროვი, სოსო საყვარელიძე, გია გაგუა. (ზიან) ირაკლი ლომსაძე, მიხო ქორელი – 1994
ტელევიზია “საქართველოს ხმა”, გადაცემა “Party”, ავტორი გიგი მათიაშვილი – 1994
ტელევიზია “საქართველოს პირველი არხი”, გადაცემა “სახე”, ავტორი მაკა სანიკიძე – 1994
1993 წლის გაზაფხულში ჯგუფს შეემატნენ ახალი წევრები, თამუნა და ქეთი ბახტაძეები (ბექვოკალი). მათ სასიამოვნო მუსიკალური ფერები შემოიტანეს ჯგუფის ვოკალურ ხაზში.
1994 წლის დასაწყისში „სანდამ“ ჩაატარა თავისი პირველი სოლო კონცერტი “რკინიგზელთა კულტურის სახლი”-ში, შემდგომში კიდევ რამდენიმე სოლო კონცერტი თბილისის სხვადასხვა სცენაზე. იმავე 1994 წელს თამუნამ და ქეთიმ დატოვეს ჯგუფი.
შემდეგ სულ ცოტა ხნით ჯგუფში სცადა მოღვაწეობა ბექვოკალზე ქეთი წიკლაურმა, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ მანაც დატოვა ჯგუფი.
მარცხნიდან მარჯვნივ: ირაკლი ლომსაძე, მიხო ქორელი, დიმა ასატუროვი, გია გაგუა, გიზო ფერაძე, სოსო საყვარელიძე – 1994
1994 წელს ჯგუფს შეემატნენ ახალი წევრები: მიხო ქორელი (კლავიშებიანი ინსტრუმენტი) და ნათია ნამგალაური (ვოკალი/კლავიშებიანი ინსტრუმენტი), რომლის საინტერესო ვოკალმა ძლიერი გავლენა მოახდინა ჯგუფის ჟღერადობაზე, რამაც გარკვეულწილად განაპირობა რეპერტუარში ბრიტანული ფოლკის დომინირება. ამ მიმართულების თვალსაჩინო მაგალითია სიმღერა “Ireland”. ასევე ჯგუფის ზოგიერთ კომპოზიციაში არის გამოყენებული ქართული ფოლკი – სიმღერა „Sanda“.
ირაკლი ლომსაძე – 1994
სოსო საყვარელიძე – 1994
1995 წლის ზაფხულში The SANDA თითქმის 3 თვის განმავლობაში უკრავდა ქობულეთის ერთერთ კლუბში. ეს იყო ამ პერიოდისთვის პირველი პრეცედენტი აჭარაში, ზაფხულის სეზონში მუსიკალური ჯგუფის გასტროლებისა. გამომუშავებული თანხით ჯგუფმა შეიძინა იმ დროისთვის საკმაოდ კარგი სარეპეტიციო აპარატურა. შემდგომში ამ აპარატურაზე ჩატარდება თბილისში, კლუბ „ყაზბეგი“-ში ფესტივალი „ხელები“.
1995 წლის ბოლოს ჯგუფს ტოვებენ მიხო ქორელი და გიზო ფერაძე. გარკვეული პერიოდი გიტარისტის ფუნქციების შეთავსება მოუწია ირაკლი ლომსაძეს, მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი უკრავდა მხოლოდ კლავიშებიან ინსტრუმენტებზე და საერთოდ არ იცოდა გიტარის აკორდები, მან უმოკლეს პერიოდში შეისწავლა და გადააწყო გიტარა „თავის“ წყობაზე და ისე დაუკრა. ამით ჯგუფში გაჩნდა საკმაოდ საინტერესო ჟღერადობა, შეიქმნა კომპოზიცია „Punk“ და სხვები.
ნათია ნამგალაური – 1994
ამავე წელს ჯგუფს შეემატნენ გარი ასტვაცატურიანი (კლავიშებიანი ინსტრუმენტი, რითმ-გიტარა) და გიტარისტი ზაზა ზაუტაშვილი – საკმაოდ საინტერესო მუსიკოსი, რომელმაც ჯგუფს განსაკუთრებული მუსიკალურობა შესძინა. აღსანიშნავია ზაზას გამოსვლა ფესტივალ „მარგარიტაზე“. დაახლოებით ერთი წელი უკრავდა ზაზა The SANDA-ში და 1996 წელს მანაც დატოვა ჯგუფი.
გარი ასტვაცატურიანი – 1994
დიმა ასატუროვი – 1994
ჯგუფის პირველი ვიდეო კლიპი, გადაღებულია კომპოზიცია “Belanderul”-ზე, საქართველოს პირველი არხის მიერ, რეჟისორი დალი გურგენიძე
ნათია ნამგალაური, გია გაგუა – 1994
The SANDA არის ორი დიდი მულტიჟანრობრივი მუსიკალური ფესტივალის მონაწილე, თანაავტორი, დამფუძნებელი, ორგანიზატორი ამ ფესტივალების ჩატარების იდეის ავტორთან, რეჟისორ გიორგი ბარაბაძესთან ერთად:
1995 წელი – ფესტივალი “ხელები”, რომელიც ჩატარდა „კლუბი ყაზბეგი“-ში. ფესტივალი მოიცავდა თანამედროვე მუსიკის თითქმის ყველა ჟანრს.
1996 წელი – ფესტივალი “მარგარიტა”, რომელიც ჩატარდა ვაკის პარკში და ისიც მოიცავდა თანამედროვე მუსიკის თითქმის ყველა ჟანრს.
ეს ფესტივალები იყო მრავალდღიანი და ასევე საკმაოდ მნიშვნელოვანი ქართული როკ მუსიკისთვის, რადგან მონაწილეთაგან საკმაოდ დიდი ნაწილი შემდგომში ქართული შოუბიზნესის ცნობადი სახე გახდა.
The SANDA-ს გამოსვლა ფესტივალ “მარგარიტა”-ზე 1996 წელს
არ შეიძლება ავუაროთ გვერდი იმ ფაქტს, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში The SANDA-ს გარდა სტუდიაში უსასყიდლოდ, „მეგობრულად“ატარებდნენ რეპეტიციებს სხვადასხვა მუსიკოსები და ჯგუფები – ნიაზ დიასამიძე, ჯგუფი „Steeplechase“, ჯგუფი „მისტერია“, ჯგუფი „ლიმუზინი“, ჯგუფი „Sky End“, ჯგუფი „Long Cross Road“, ბაჩი ქიტიაშვილი, ირაკლი ჩარკვიანი, ჯგუფი „Mother of Mondays“, ჯგუფი „Royal Way”, ჯგუფი „Generals”, ჯგუფი „ზუმბა ლენდი” და სხვა.
The SANDA-ს რეპეტიციებს ხშირად სტუმრობდნენ სხვადასხვა ჟანრის მუსიკოსები – თეონა კონტრიძე, რომა რცხილაძე, ნინო ქათამაძე და ბევრი სხვა. ხშირად ჯგუფი რეპეტიციის დაწყების წინ უკრავდა ე.წ. „გასახურებლად“ რამე ცნობილ კომპოზიციას ოღონდ თავის სტილში, ასე მაგალითად შესრულდა მძიმე როკში ცნობილი კომპოზიცია „აჰ ტურფავ, ტურფავ“, რომელიც შემდგომში ნინო ქათამაძემ აიტაცა და შეასრულა შეუცვლელად.
The SANDA-ს გამოსვლა როკ ფესტივალზე, რომელიც ჩატარდა კ/თ. “ამირანში” 1996 წელს
ვიდეო კლიპი გადაღებულია ჯგუფის წევრების მიერ კომპოზიცია “Solange”-ზე 1994 წელი
The SANDA-მ გამართა რამდენიმე სოლო კონცერტი კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრში, შ.რუსთაველის სახელობის თეატრის მცირე დარბაზში, ასევე მიიღო მონაწილეობა კინოთეატრ “ამირან”-ში ჩატარებულ როკ ფესტივალში. ჯგუფის საგასტროლო არე მოიცავდა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებს, აჭარის ზღვისპირა რაიონებს.
1997 წელს ჯგუფს შეუერთდა გიტარისტი გოგა მახარაძე, რომლის იდეით შეიქმნა კომპოზიცია „Khorumi“. ამავე წელს ბათუმში ჩატარდა ფესტივალი “დავიცვათ შავი ზღვა”. მოწვეული იყვნენ სტუმრები სხვადასხვა ქვეყნიდან. ფესტივალში მიიღო მონაწილეობა როგორც ჰედლაინერმა ჩვენმა ჯგუფმა “ The SANDA”, ამავე წლის გაზაფხულზე ჯგუფმა მიიღო მონაწილეობა ვაკის პარკში გამართულ დიდ როკ კონცერტში.
ერთი წლის შემდეგ, 1998 წელს ჯგუფმა შეწყვიტა შემოქმედებითი მოღვაწეობა ფინანსური პრობლემების გამო.
2006 წელის დასაწყისში ჯგუფი “The SANDA” კვლავ შეიკრიბა. თავისივე სახსრებით დააარსა “SANDA Records” სტუდია, სადაც ჯგუფი დამოუკიდებლად შეძლებდა საკუთარი მუსიკის ჩაწერას და რეპეტიციას.
ჯგუფის ერთერთი მონაწილე გია გაგუა (საქსაფონი), რომელიც 1997 წლამდე იყო ჯგუფში, აღარ დაბრუნდა და The SANDA-ს შემადგენლობა იყო შემდეგი:
ირაკლი ლომსაძე კლავიშებიანი ინსტრუმენტი
სოსო საყვარელიძე ვოკალი, გიტარა, ბას გიტარა
ნათია ნამგალაური ვოკალი
გოგა მახარაძე გიტარა
დიმიტრი ასატუროვი დასარტყამი ინსტრუმენტები, ტუჩის ჰარმონიკა, პერკუსია
2006 წელს, “SANDA Records”-ში ამ შემადგენლობით მათ ჩაწერეს ალბომი “Return” (დაბრუნება) და დაიწყეს შემდეგ ალბომზე მუშაობა, რომლის დროსაც ჯგუფს შეემატა ორი ახალი წევრი ვანო ხიმშიაშვილი (ბასი) და ზურა ლანჩავა (გიტარა). უნდა ითქვას, რომ მანამდე ბას-გიტარაზე ჯგუფში უკრავდა სოსო, მაგრამ იმის გამო, რომ თითქმის ყველა კომპოზიციაში საჭირო გახდა, პარტიების აკუსტიკურ გიტარაზე შესრულება, მას მოუწია პროფილის შეცვლა.
მარცხნიდან მარჯვნივ (ფეხზე დგანან): ირაკლი ლომსაძე, ვანო ხიმშიაშვილი, სოსო საყვარელიძე, გოგა მახარაძე, დიმა ასატუროვი, ზურა ლანჩავა. (ზიან) ქეთი ჯოხაძე, ნათია ნამგალაური – 2007
2007 წელს ივნისში ფესტივალ “OZONI Gigz”-ის ფარგლებში The SANDA-მ ჩაატარა სოლო კონცერტი, სადაც წარმოადგინა ორი სხვადასხვა სტილი, კელტური ფოლკი და თანამედროვე როკი. ნოემბრის თვეში, სხვა ცნობილ ქართულ შემსრულებლებთან ერთად, ჯგუფმა მონაწილეობა მიიღო ირაკლი ჩარკვიანის ხსოვნისადმი მიძღვნილ კონცერტში. ამავე წელს, დეკემბერში, ჯგუფმა დაუკრა ლაივი, რადიო “უცნობი”-ს ხმის ჩამწერ სტუდიაში, რომელიც გავიდა ინტერნეტ-ეთერში.
ამავე წელს, ოჯახური პირობების გამო, ჯგუფს გამოაკლდა გოგა მახარაძე და დაემატა ორი ახალი წევრი ქეთი ჯოხაძე (ვიოლონჩელო) და ვაჟა მამათელაშვილი (ვიოლინო).
2007 წლის The SANDA-ს შემადგენლობა იყო ასეთი:
ირაკლი ლომსაძე კლავიშებიანი ინსტრუმენტი
სოსო საყვარელიძე ვოკალი, გიტარა
ნათია ნამგალაური ვოკალი
ზურა ლანჩავა ლიდერ-გიტარა
ვანო ხიმშიაშვილი ბას-გიტარა
ქეთი ჯოხაძე ვიოლონჩელო
ვაჟა მამათელაშვილი ვიოლინო
დიმიტრი ასატუროვი დასარტყამი ინსტრუმენტები, ტუჩის ჰარმონიკა, პერკუსია
მარცხნიდან მარჯვნივ (ფეხზე დგანან): ირაკლი ლომსაძე, ნათია ნამგალაური, სოსო საყვარელიძე, ვაჟა მამათელაშვილი. (ზიან) ვანო ხიმშიაშვილი, ქეთი ჯოხაძე, დიმა ასატუროვი, ზურა ლანჩავა – 2007
2008 წელს ივლისში, ნ. დუმბაძის სახელობის მოზარდ-მაყურებელთა თეატრში, The SANDA-მ მსმენელს წარუდგინა კიდევ ერთი შერეული ჟღერადობის კომპოზიციების საღამო. ამავე წლის აგვისტოში ჯგუფმა მონაწილეობა მიიღო ყოველწლიურ ფესტივალ “არტგენი”-ში სოლო პროგრამით. ტელეკომპანია “მზე”-ზე არსებული გადაცემის, “M-კოდი”-ს ხელმძღვანელობა, რეჟისორი გიორგი კიკალეიშვილი, დაინტერესდა ჯგუფის მოღვაწეობით და გადაიღო სამი მუსიკალური ვიდეო კლიპი, სინგლებზე: “Play the Game”, “Two Virgins”, “Bluebell”.
2009 წელს The SANDA-მ მიიღო მონაწილეობა “რუსთავი 2”-ის მიერ წამოწყებულ პროექტში “უსმინე ცოცხალს”, სადაც რეიტინგის მიხედვით სეზონის პირველ ადგილზე გავიდნენ ჰიტით “Play the Game”. აღსანიშნავია, რომ ჯგუფის კონცერტები, 2007 წლიდან, რეგულარულად შუქდება მედიაში. თანდათან ჯგუფის რეპერტუარში შემოდის ფანკისა და არტ-როკის ელემენტები. ამავე დროს ჯგუფი გამოდის თავისი სოლო პროექტებით კლუბებში: “ეთნო 99” და “ფლეტი”, შემდეგ “თეატრი ათონელზე”. აგრეთვე წარმატებით გაიარეს გამოცხადებული კასტინგი და მიიღეს მონაწილეობა, 23 ოქტომბერს Step Records”-ის მიერ გამართულ “Tbilisi Open Air / Alter Vision”-ში. მონაწილეობას იღებენ “Promo Industries” მიერ გამართულ სხვადასხვა კონცერტებში: “Good Old 70’s”, სოლო გამოსვლა “მაგთი კლუბი”-ში, საახალწლო კონცერტში, საქველმოქმედო გამოსვლა თბილისის როკ კლუბში. 2010 წლის მარტში კი The SANDA-მ აიხდინა დიდი ხნის ოცნება, დაეკრა “Unplugged”-ი, რომელიც შესრულდა დარბაზში “თეატრი ათონელზე”. აღსანიშნავია, რომ ამ კონცერტში მათ ეხმარებოდა “SANDA Records”-ის ბაზაზე ჩამოყალიბებული კვინტეტი “კიბატონო”, რომლებიც აგრეთვე იღებდნენ მონაწილეობას „სანდას“ ზოგიერთი კომპოზიციის ჩაწერაში.
მარცხნიდან მარჯვნივ: დიმა ასატუროვი, ზურა ლანჩავა, ნათია ნამგალაური, სოსო საყვარელიძე, ვანო ხიმშიაშვილი, ირაკლი ლომსაძე – 2010
საუნდტრეკი სერიალისთვის “K17”, გადაღებულია “კიკალა სტუდიო TV”-ს მიერ.
ჯგუფმა აგრეთვე მიიღო მონაწილეობა “რუსთავი 2”-ისა და თავდაცვის სამინისტროს ერთობლივ პროექტში “ყაზარმა”, შექმნა ამ პროექტისთვის ორიგინალური მუსიკალური გაფორმება. 2010 წლის ოქტომბერში ჯგუფის მუსიკოსებმა შექმნეს კომპოზიცია, რომელიც სპეციალურად იქნა დაწერილი პროექტისთვის (სერიალი) “K 17”. ეს სერიალი გადაღებული იყო “კიკალა სტუდიო TV”-ს მიერ საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის (საზოგადოებრივი მაუწყებელი) და თავდაცვის სამინისტროს დაკვეთით.
2011 წლის მარტში ჯგუფმა გამართა მორიგი სოლო კონცერტი ბათუმის ცნობილ კლუბში “Sublime”, რომელმაც ანშლაგით ჩაიარა.
ამავე წლის ივლისში The SANDA მონაწილეობას იღებს, საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის (საზოგადოებრივი მაუწყებელი), პროექტში „Caucasus Live“.
2011 წლის 18-26 ივნისს “SANDA Records”-მა ჩაატარა თანამედროვე მუსიკის ფესტივალი “მუსიკა მუსიკისთვის – Music for Music (M4M)”, რომლის მასპინძელი გახლდათ “თეატრი ათონელზე”. ამ ფესტივალის იდეა მთლიანად ეკუთვნის “SANDA Records”-ს და ასევე ფინანსური ხარჯი გასწიეს ჯგუფის წევრებმა.
ფესტივალის “M4M” იდეა იყო ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსებისა და ჯგუფების აღმოჩენა. ფესტივალმა სრულად გაამართლა ორგანიზატორთა იმედები. 9 დღის განმავლობაში სცენაზე 25 სხვადასხვა ჟანრის ჯგუფმა დაუკრა. გამოჩნდნენ ახალგაზრდა, თვითმყოფადი, საინტერესო სახეები. მათ შორის, ამჟამად უკვე ცნობადი ჯგუფებიც, რომელნიც ბევრ სხვა მუსიკალურ პროექტში მიიწვიეს. სამწუხაროდ, უსახსრობის გამო, არ მოხერხდა ფესტივალისთვის ტრადიციული ხასიათის მიცემა.
2011 წლის 22 დეკემბერს The SANDA-მ “Magti Club”-ში წარმოადგინა თავისი ახალი კომპოზიციები, რომლებიც გამოირჩევა განსხვავებული და საინტერესო ჟღერადობით. კონცერტმა ჩაიარა სრული ანშლაგით.
ამავე წელს ჯგუფი დატოვეს ქეთი ჯოხაძემ (ვიოლონჩელო) და ვაჟა მამათელაშვილმა (ვიოლინო). ისინი გადავიდნენ “SANDA Records”-ის ბაზაზე ახლად შექმნილ ჯგუფში „კიბატონო“.
ამავე წელს ჯგუფმა, პარალელურად თავისი კომპოზიციებისა, მუშაობა დაიწყო „The Beatles Tribute“ ალბომზე, რომელიც გაიგზავნა ლივერპულში, „Cavern Club“-ში ყოველწლიურ ფესტივალზე მონაწილეობის მისაღებად და დადებითი შეფასება მიიღო.
2012 წელს “SANDA Records”-ში ჩაიწერა ალბომი „The Smell Of The Rays“ (სხივების სურნელი), რომელიც გამოქვეყნდა 2012 წლის ბოლოს. ხოლო 2012 წლის 29 აპრილს ჯგუფმა გამართა სოლო კონცერტი კლუბ “სენატ”-ში, სადაც წარმოადგინა ალბომი „The Smell Of The Rays“. კონცერტს ორგანიზება გაუწია ჯგუფის მეგობარმა და მუსიკოსმა ბიჭიკო ქადაგიძემ. კონცერტი გახსნა პოეტმა დავით დეფიმ.
2012 წლის 12 მაისს ჯგუფმა მონაწილეობა მიიღო როკისა და ალტერნატიული მუსიკის ფესტივალში, სადაც წილად ხვდა პატივი გაეხსნა ეს გრანდიოზული კონცერტი. ამავე წლის 26 მაისს კი მორიგი სოლო კონცერტი გამართა ქ.ბათუმში კლუბ “Sublime”-ში, სადაც შეასრულა საკუთარი ახალი კომპოზიციები და რამდენიმე ცნობილი „Cover“-ი.
ამავე წელს The SANDA-ს მოუვიდა შეტყობინება აშშ-დან, სადაც ის იქნა შერჩეული საერთაშორისო მუსიკალური საძიებო საიტისთვის „WORLD TOP MUSICIANS OFFICIAL DIRECTORY“, რამაც გააძლიერა ჯგუფის მიმართ ინტერესი სხვადასხვა ინტერნეტ რადიოებისა და საიტების მხრიდან.
2012 წლის ბოლოს ჯგუფიდან მიდის დრამერი დიმა ასატუროვი, რომელიც შეცვალა ნიკა მარგველაშვილმა.
მარცხნიდან მარჯვნივ: ზურა ლანჩავა, ირაკლი ლომსაძე, სოსო საყვარელიძე, ნათია ნამგალაური, ნიკა მარგველაშვილი, ვანო ხიმშიაშვილი – 2012
The SANDA-ს 20 წლის საიუბილეო კონცერტის აფიშა – 2013
2013 წელი The SANDA-მ გაატარა სხვადასხვა ღონისძიებებზე გამოსვლებით, კონცერტებში მონაწილეობით და სატელევიზიო ლაივებში, მათ შორის თბილისობაზე სოლო პროგრამით და ქ. გორის დღეებზე. ამ წელს ჯგუფი აღნიშნავს თავისი დაარსების 20 წლისთავს და ამ თარიღს უძღვნის დიდ კონცერტს მეგობრებთან ერთად კლუბ „დივანი“-ში.
ამავე წელს The SANDA-მ მონაწილეობა მიიღო GDS TV-ს მუსიკალურ პროექტში „Georgian Dreamers“, რომლის ფარგლებშიც გადაღებული იქნა ვიდეო კომპოზიციაზე „Angel“.
2014 წლის ზაფხულში The SANDA გაემგზავრა თურქეთში, ქ. ანტალიაში. აქ ჯგუფი ატარებდა ლაივებს თითქმის ყოველ დღე ხუთვარსკვლავიან სასტუმროებსა და სხვა ლოკაციებზე. ამავე წლის ბოლოს ჯგუფიდან მიდიან ნიკა მარგველაშვილი (დასარტყამი ინსტრუმენტები) და ზურა ლანჩავა (ლიდერ გიტარა). რამდენიმე თვე ჯგუფი ეძებდა მათ შემცვლელებს და ამ პერიოდში ჯგუფს შეემატა გიგი კობერიძე (დასარტყამი ინსტრუმენტები) და გიორგი გოგოლაშვილი (გიტარა), ასევე გიორგი მხატვარი (ბას-გიტარა). მათთან ერთად, 2015 წლის მარტში, The SANDA-ამ მიიღო მონაწილეობა საზოგადოებრივი მაუწყებლის მუსიკალურ პროექტში „კომუნიკატორი“, რომლის ეთერში პირველად გაჟღერდა კომპოზიცია „ლაზური“ (მუსიკა The SANDA და ტექსტი იაშა თანდილავა). ეს სიმღერა ძალიან პოპულარული გახდა თურქეთში, ეთნიკურ ლაზებში.
აპრილში მუსიკოს ლადო ბურდულის ორგანიზებით ჩატარდა ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალი „Caucasian Music Awards “Phoenix”“, სადაც ჯგუფის მიერ წარდგენილმა კომპოზიციამ „Angel“ აიღო პრიზი წლის საუკეთესო ვიდეო.
ამავდროულად გრძელდება ახალ კომპოზიციებზე მუშაობა და ჯგუფში ხდება მორიგი ცვლილება, მიდიან გიორგი გოგოლაშვილი (გიტარა), გიორგი მხატვარი (ბას გიტარა) და ბრუნდებიან ზურა ლანჩავა (ლიდერ გიტარა) და ვანო ხიმშიაშვილი (ბასი). იქმნება ახალი საკონცერტო პროგრამა, რომელიც ჯგუფმა წარადგინა ბათუმში ზაფხულის სეზონზე. ოქტომბერში კი The SANDA კვლავ გამოდის ქ. გორის დღეებთან დაკავშირებით გამართულ კონცერტზე.
მარცხნიდან მარჯვნივ: გიგი კობერიძე, ნათია ნამგალაური, სოსო საყვარელიძე, გიორგი გოგოლაშვილი – 2015
2016 წლის თებერვალში The SANDA, თავის დაბადების დღეზე, უკრავს განახლებულ „ელექტრონულ“ პროგრამას ზაზანოვაში. აპრილში ჯგუფი მიიწვიეს საზოგადოებრივი მაუწყებლის მუსიკალურ პროექტში „კომუნიკატორი“, სადაც წარადგინა 5 ახალი კომპოზიცია. შემდეგ „რუსთავი 2“ -ს დილის ეთერში ჯგუფმა გააკეთა ახალი სიმღერის პრეზენტაცია „Hello, You are not alone, my Jane“, რომელიც სპეციალურად შეიქმნა ფრანგულ-იტალიური ასოციაცია „ქალებზე ძალადობის წინააღმდეგ“ თანადგომის ფარგლებში. ეს კომპოზიცია და „Angel“ აქტიურად ტრიალებდა საფრანგეთის, იტალიის და აშშ-ს ინტერნეტ რადიოებში. ივნისის თვეში The SANDA უკრავს „Unplugged“ კონცერტს ზაზანოვაში.
ამავე წელს ჯგუფმა შეიტანა განაცხადი პროექტში „Check in Georgia“ მონაწილეობის მისაღებად და მიიღო დადებითი პასუხი. სოლო კონცერტი გაიმართა 26 აგვისტოს ბათუმში და მისი სლოგანი იყო „არა ტერორიზმს!“.
The SANDA-ს სოლო კონცერტი ბათუმში, 26 აგვისტოს, პროექტ „Check in Georgia“-ს ფარგლებში – 2016
2017 წელს The SANDA სტუმრობს რამდენიმე ტელევიზიას და რადიოს: ტელევიზია GDS TV-ის გადაცემა „შუადღე“-ის მუსიკალურ რუბრიკაში, რომლის წამყვანი იყო დავით ევგენიძე, ჯგუფმა სატელევიზიო ეთერში შეასრულა სამი კომპოზიცია; შემდეგ ტელევიზია „იმედი“ – დილის ეთერში მუსიკოს ლადო ბურდულთან ერთად, სადაც შეასრულეს „ფენიქსის“ წინა წლებში გამარჯვებული კომპოზიცია „Angel“; ტელევიზია „რუსთავი2“ -ს დილის და შუადღის ეთერში შეასრულეს კომპოზიციები „Smashing Love“, „Punk“, „The Best Friend“; რადიო ფორტუნაში, რადიო იმედში, რადიო თავისუფლება და რადიო 1 არხი.
2018 წელს სრულდება მუშაობა ალბომზე „სიზმრების ზღვა“ (The Sea Of Dreams). აღსანიშნავია, რომ ის ქართულენოვანია. ალბომის პრეზენტაცია და ჯგუფის იუბილე, 25 წელი, გაიმართა კლუბ „Backstage76“-ში. ასევე ალბომიდან ექსკლუზიურად შესრულდა რამდენიმე კომპოზიცია სატელევიზიო ეთერით – „რუსთავი2“-ს დილის გადაცემაში, რადიო „ფორტუნა“-ში, რადიო „არ დაიდარდო“-ში და რადიო 1 არხში. ამ წელს ჯგუფი სიმღერით „სიზმარი“ იყო წარდგენილი რადიო „ფორტუნა“-ს მიერ გამართულ მუსიკალურ დაჯილდოვებაზე „ოქროს ტალღა“, მოგვიანებით ჯგუფს იწვევენ ამავე სიმღერით საზოგადოებრივი მაუწყებლის მუსიკალურ პროექტში „აკუსტიკა“. ასევე რადიო „ფორტუნა +“-ის პროექტში „ექსკლუზივი“, სადაც The SANDA-მ შეასრულა ახალი ალბომიდან 3 კომპოზიცია „ჩალისფერი თმები“, „მგზავრული ნანა“ და „ღამემდე“.
გაზაფხულზე The SANDA იყო მიწვეული ქ. გორში ჯგუფ „კანუდოსი“-ს ალბომის პრეზენტაციაზე, სადაც მათ შეასრულეს რამდენიმე კომპოზიცია. აპრილში კი ჯგუფი მიწვეულ იქნა საპატიო სტუმრად ფესტივალზე „Caucasian Music Awards “Phoenix”“, სადაც შეასრულა 5 კომპოზიცია. 2018 წელი ჯგუფმა დაასრულა სოლო კონცერტით კლუბ „Backstage76“-ში.
The SANDA-ს ლაივი “რუსთავი2”-ს “სხვა შუადღე”-ში მარინა ბერიძის მუსიკალურ რუბრიკაში – 2019
2019 წელს The SANDA-მ, ლადო ბურდულთან ერთად, მიიღო მონაწილეობა რუსთავი2-ის სატელევიზიო გადაცემაში „სხვა შუადღე“, მარინა ბერიძის მუსიკალურ რუბრიკაში, სადაც ისაუბრეს ჯგუფის იუბილეზე, გეგმებზე და ფესტივალ „Caucasian Music Awards “Phoenix”“ მომავალ დაჯილდოებაზე. 9 თებერვალს The SANDA-მ გამართა სოლო კონცერტი „Hard Rock Cafe“-ში. შემდეგ კი საზოგადოებრივი მაუწყებლის მუსიკალურ პროექტში „აკუსტიკა“ ჩაწერა კომპოზიცია „Bluff“.
The SANDA
მარცხნიდან მარჯვნივ: სოსო საყვარელიძე, ვანო ხიმშიაშვილი, ირაკლი ლომსაძე, ნათია ნამგალაური, გიგი კობერიძე, ზურა ლანჩავა – 2019
2019 წლის ბოლოს The SANDA-ს დაუკავშირდნენ საყოველთაოდ აღიარებული „Rehegoo Music USA“ და „Rehegoo Music UK“ პროდიუსერები (Rehegoo Music Group Record label and digital music publisher არის გლობალურად აღიარებული ლეიბლი და ციფრული მუსიკის გამომცემელი), რომელთაც შესთავაზეს მათთან ექსკლუზიური კონტრაქტის გაფორმება, რის ფარგლებშიც ჯგუფის მუსიკალური შემოქმედება განთავსდებოდა ცნობილ ციფრულ პლატფორმებზე და ასევე „Rehegoo Streaming Platform“-ზე. რამდენიმე თვიანი მოლაპარაკების შემდეგ, კონტრაქტი გაფორმდა 2020 წლის დასაწყისში და 21 აპრილს კი შედგა The SANDA-ს ალბომის „The Smell Of The Rays“-ის ოფიციალური გამოცემა შემდეგ პლატფორმებზე:
ამავე წელს ჯგუფიდან მიდიან გიგი კობერიძე (დასარტყამი ინსტრუმენტები) და ზურა ლანჩავა (ლიდერ გიტარა).
ჯგუფმა ისევ დაიწყო ახალი მუსიკოსების ძებნა. 2020 წლის დასაწყისში The SANDA-ს შეემატა ახალი წევრები გიორგი ლომიძე (დასარტყამი ინსტრუმენტები) და ზურა ზივზივაძე (გიტარა) და ჯგუფმა განაგრძო შემოქმედებითი მოღვაწეობა, მაგრამ მსოფლიო პანდემიის გამო რეპეტიციები დროებით შეაჩერეს.